დათუნა ჩვეულებრივ, სერიოზული და წყნარი ბიჭია, მაგრამ საკმარისია მისი უსაყვარლესი კლიპი ნახოს „არლეკინოზე“ ან „ჯირაფ ჟოზე"-ს მოკრას თვალი, რომ ვეღარ იცნობთ, ისე გულიანად და ხალისიანად კისკისებს! უსასრულოდ შეუძლია საყვარელი მუსიკების ფონზე იცეკვოს და იტრიალოს.
დათუნა რამდენიმე წელია სწავლობს ჩვენს დღის ცენტრში, ბიჭუნა ძალიან წარმატებულად ვითარდება: მან სწრაფად აითვისა ბარათებით კომუნიკაციის პროგრამის 1, 2 და 3 საფეხური, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა! ეს პროგრამა მას საშუალებას აძლევს თავისი სურვილები და საჭიროებები გამოხატოს დასურათებული ბარათების მეშვეობით. დათუნა ძალიან ყოჩაღია - მან უკვე იცის, რომ როცა რაიმე ჭირდება, იმის ნაცვლად რომ იტიროს, შეუძლია მივიდეს მის საკომუნიკაციო წიგნაკთან, ამოიღოს სასურველი ბარათი და მიუტანოს მოსაუბრეს. ამჟამად გრძელდება მუშაობა, რომ დათუნას საკომუნიკაციო წიგნაკი უფრო მეტი ბარათებით გამრავალფეროვნდეს და შემდეგ ეტაპზე უკვე დავიწყოთ სიტყვების წარმოთქმის სწავლა. პარალელურად დათუნა სწავლობს თვითმოვლას და შემეცნებითი უნარების განვითარებას.