გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

ისტორია

ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია

 

 პირველი ნაბიჯის 20 წლის ისტორია -  ვიდეოს შექმნისთვის დიდი მადლობა თამუნა ქარუმიძეს

 

1998 წ. - „კასპის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლის აღსაზრდელების გადასარჩენად, ქალბატონებმა ნინო ჟვანია-ქადაგიძემ და ჯეინ ენ ქორბოიმ ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“ დააფუძნეს.

1999 წ. - ორგანიზაციის დამფუძნებლების და სპეციალისტების გუნდის ძირითადი მიზანია „კასპი“ არ არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში. დაიწყო თავდაუზოგავი შრომა ბავშვების გადასარჩენად. „პირველმა ნაბიჯმა“ სიკვდილის პირას მყოფი 24 ბავშვი „კასპიდან“ თემქის პედიატრიულ კლინიკაში გადმოიყვანა. საქართველოს მთავრობამ ორგანიზაციას უვადო სარგებლობაში გადასცა მიწა, სადაც დაიწყო ბავშვებისთვის საცხოვრებელი კოტეჯების მშენებლობა. დამფუძნებლები და სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვებს არა არსებობის, არამედ ცხოვრების უფლება დაუბრუნონ.

2000 წ. - კასპის ბავშვთა სახლიდან გადმოყვანილი 24 ბავშვის სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია; პირველი ნაბიჯები, სირთულეები, შეცდომები, წარმატებები, გაოცება, სიხარული  და  გაჩენილი იმედი.

პარალელურად მიმდინარეობს კასპში დარჩენილ ბავშვებთან მუშაობა, რომელიც ბავშვების გადარჩენისათვის ბრძოლას უფრო გავს. პირველი ნაბიჯის ყოველი წევრი უდიდეს ცოდნას და გამოცდილებას აგროვებს. ორგანიზაციის დამფუძნებელმა ნინო ჟვანიამ შექმნა ქართული სამეთვალყურეო საბჭო. ჯეინ ქორბოიმ ირლანდიაში ორგანიზაცია “Next Step” დააარსა, რომელიც ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტის ქალბატონ მერი რობინსონის მფარველობის ქვეშ იმყოფება. ქალბატონი ნინო და ქალბატონი ჯეინი სამეთვალყურეო წევრებთან ერთად შრომობენ თანხების მოსაპოვებლად, ეხმარებიან ორგანიზაციის სპეციალისტებს, მენეჯმენტს და რაც მთავარია ბავშვებს.

2001 წ. - „პირველი ნაბიჯი საქართველო“ ჩაერთო სახელმწიფო დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამაში.

2002 წ. - პირველი საცხოვრებელი კოტეჯის მშენებლობა დასრულდა. 12 ბავშვი თემქის კლინიკიდან „სახლში“ გადმოვიდა და ახალი ცხოვრება დაიწყო... გადარჩენის ეტაპი დამთავრდა! ეს იყო უწყვეტი სტიმული პირველი ნაბიჯის ყველა თანამშრომლისთვის. ოჯახური ცხოვრება თავისი სიხარულით და პრობლემებით, განსაცდელით და წარმატებებით. ბავშვები ეგუებიან იმ უჩვეულო განცდას რომ სახლი აქვთ, დიდები იმას რომ ბევრი „შვილები“ შეიძინეს.

ნინო კუპატაძე - პირველი ნაბიჯის ყოფილი დირექტორი - „ბავშვებთან კონტაქტის დამყარების შემდეგ გაჩერება შეუძლებელია, პირველი ნაბიჯი სამუდამო ვალდებულებაა“.

2002-2003 წ.წ. - ბავშვები სახლში ცხოვრობენ, ვითარდებიან, ჯიუტობენ, უხარიათ, ჩხუბობენ, სწავლობენ. მეორე საცხოვრებელი კოტეჯის მშენებლობა დასრულდა. პირველ ნაბიჯს უკვე 24 „შვილი“ ჰყავს.

თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში ინტეგრირებულმა კლასმა დაიწყო ფუნქციონირება. პირველმა ნაბიჯმა პირველი ნაბიჯი გადადგა ინკლუზიური სწავლებისკენ.

პირველი ნაბიჯის დახმარებით, ზუგდიდში წმინდა ლაზარეს სახელობის დღის ცენტრი გაიხსნა 20 ბავშვისთვის, რომელიც დღემდე აგრძელებს საქმიანობას.

თამთა გოლუბიანი, 2004 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის სამსახურის უფროსი - „მუშაობა 2004 წელს დავიწყე და პირველი ნაბიჯი პირველივე დღეებიდან მახსოვს... დირექტორი, თანამშრომლები დამფუძნებლები, დღემდე მახსოვს ყველა შეხვედრა. პირველი ნაბიჯი ბავშვზე ზრუნვის სისტემის ისტორიული გარდატეხის პერიოდში სახელმწიფოს გვერდით აღმოჩნდა არა პირადი ამბიციების, არამედ ჯანსაღი ხედვის გასატარებლად. სახელმწიფო ამაყობს, რომ საქართველოში არსებობს ასეთი ორგანიზაცია“

2005 წ. - გაიხსნა პირველი ნაბიჯის პირველი დღის ცენტრი 30 ბავშვისთვის. სოციალური მუშაკების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად კასპიდან 15 ბავშვი საკუთარ ოჯახში დაბრუნდა, 5 ბავშვი გადაურჩა კასპში ჩაბარებას!

2006 წ. - პირველ ნაბიჯს ირლანდიური ორგანიზაცია “Next Step-ის წევრები ეწვივნენ.

       დეს მაკმაჰონი - „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პირველი ნაბიჯის მიერ გაწეულმა შრომამ, რომელიც მიზნად ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებას ისახავს“.

       ჯონათან მაილზი - „ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ბავშვებისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევა. ძალიან მიყვარს საქართველოში ჩამოსვლა და იმის დანახვა თუ როგორ თავდაუზოგავად შრომობენ პირველი ნაბიჯის პედაგოგები და რა შედეგებს იღებენ“.

 

2006 წლის ოქტომბერში პირველ ნაბიჯს ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი ქალბატონი მერი რობინსონი ეწვია.

ამავე წელს კასპის ოცი აღსაზრდელი გადავიდა საცხოვრებლად გრემსა და ქედელში. კასპში დარჩენილ ბავშვებს პირველი ნაბიჯი ამარაგებს საკვებით და ზამთრის პერიოდში უზრუნველყოფს გათბობით.

პირველი ნაბიჯის 2 ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და სპეციალური მასწავლებელი 8 კვირიან სამუშაო/სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ დუბლინის „წმინდა მიქაელის სახლში“. ირლანდიიდან დაბრუნებულმა სერტიფიცირებულმა ტრენერებმა მოამზადეს სატრენინგო კურსი და დაიწყეს აღმზრდელების და სპეციალისტები პროფესიული გადამზადება.

2007 წ. - საქართველოს მთავრობამ მიიღო კასპის დახურვის გადაწყვეტილება. კოჯორში გამოყოფილ შენობაში პირველმა ნაბიჯმა დაიწყო რემონტი, პარალელურად კადრების აყვანა და გადამზადება.

ამავე წელს ირლანდიის სახლემწიფოს მხარდაჭერით დაიწყო ბინაზე მოვლის პროგრამა ბავშვებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოდიან სახლიდან. „ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა, სანამ თქვენ გამოჩნდებოდით ჩვენს ცხოვრებაში და მას მერე“ -  ამბობს, ბინაზე მოვლის პროგრამაში ჩართული 12 წლის ირაკლის დედა.

2008 წლის ნოემბერი - პირველი ნაბიჯი მოინახულა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბ-მა მაიკლ მარტინმა. „უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მთელ დელეგაციაზე პირველი ნაბიჯის თანამშრომლების საქმისადმი დამოკიდებულებამ და მაღალმა პასუხისმგებლობამ, როგორ ცდილობენ საკუთარი წვლილის შეტანას ამ სფეროში. მე ამაყი ვარ, რომ ირლანდია არის ასოცირებული ისეთ არაჩვეულებრივ ორგანიზაციასთან, როგორიც არის პირველი ნაბიჯი“.

2009 წელი - 10 წლის შემდეგ პირველმა ნაბიჯმა მიზანს მიაღწია! დაიხურა კასპის ბავშვთა სახლი. 25 აღსაზრდელი კოჯრის სააღმზრდელო დაწესებულებაში გადავიდა. პირველი ნაბიჯის ძალისხმევით, „კასპის“ ეპოქა ქვეყანაში სამუდამოდ დასრულდა.

UNICEF - ის მოთხოვნით, პირველი ნაბიჯის ტრენერებმა სახელმწიფო ინსტიტუციების პერსონალს ტრენინგი ჩაუტარა. პირველმა ნაბიჯმა მიიღო ოფიციალური წერილი UNICEF საქართველოსგან, სადაც აღნიშნული იყო ორგანიზაციის ინოვაციური მიდგომა საქმისადმი.

„თითქმის 10 წლის მანძილზე UNICEF და პირველი ნაბიჯი იყვნენ პარტნიორები და წარმატებით თანამშრომლობდნენ რათა დახმარებოდნენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს. ორივე ორგანიზაციის მიზანი იყო შექმნილიყო სისტემა, სადაც ყველა ბავშვი საქართველოში მიიღებდა ხარისხიან მომსახურებას და მოხდებოდ მათი ინტეგრაცია საზოგადოებასთან, რასაც წარმატებით ვაღწევთ“.

2010 წ. - პირველმა ნაბიჯმა დახურა საცხოვრებელი კოტეჯები და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების განვითარებას შეუდგა. ბავშვები საცხოვრებლად გრემსა და ქედელში გადავიდნენ.

ჯოვანა ბარბერისი, UNICEF საქართველოს წარმომადგენელი - „10 წელია პირველ ნაბიჯთან ვთანამშრომლობთ. ორგანიზაციის ადმინისტრაციის, თანამშრომლების და დამფუძნებელთა თავდადებით ბავშვების ცხოვრება უკეთესი ხდება“.

ნინო ჟვანია, პირველი ნაბიჯის თანადამფუძნებელი - „ის რაც გადაარჩენს სამყაროს ყოველთვის არის გადახრილი ლოგიკიდან, მე მგონი ჩვენი პროექტიც ასეთია იდეალისტური და თან ძალიან პრაგმატული“.

ორგანიზაციამ „Save the Children“ პირველი ნაბიჯი ექსპერტის სტატუსით მიიწვია  რათა დახმარებოდა მათ საქართველოს 2 რეგიონში, კახეთსა და იმერეთში, „შინ მომსახურების“ პროგრამის დანერგვაში.

2011 წლიდან პირველი ნაბიჯი ბავშვთა ზრუნვის რეფორმის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა.

  1. გაიხსნა მეორე დღის ცენტრი თბილისში.
  2. პირველმა ნაბიჯმა დაიწყო ადრეული განვითარების პროგრამა
  3. გაიხსნა დღის ცენტრი ქუთაისში
  4. ადრეული განვითარების პროგრამა ქუთაისსა და ბათუმში
  5. პირველი ნაბიჯის ტრენერების მიერ გადამზადდა 225 სახელმწიფო სოციალურ მუშაკი და 14 დღის ცენტრის თანამშრომელი

როლანდ მონაში, Unisef-ის წარმომადგენელი საქართველოში- „პირველი ნაბიჯი იყო და არის ბავშვთა ზრუნვის რეფორმის მთავარი მონაწილე, შთამბეჭდავია ის უნიკალური ცოდნა და კომპეტენტურობა რასაც ეს ორგანიზაცია ფლობს. იუნისეფი მოხარულია, რომ პირველ ნაბიჯთან ერთად ავითარებს შშმ ბავშვებისთვის მომსახურების სფეროს. მადლობა პირველ ნაბიჯს ხანგრძლივი და ერთგული მუშაობისთვის“.

15 წლის იუბილე - „პირველ რიგში მინდა მივულოცო პირველ ნაბიჯს 15 წლის იუბილე. ეს ორგანიზაცია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია“ - საშა გრაუმანი, Unicef-ის წარმომადგენელი საქართველოში.

2014 წ. - პირველი ნაბიჯის დღის ცენტრს სპეციალიზებული ცენტრის სტატუსი მიენიჭა და ვაუჩერის თანხა 11-დან 18-ლარამდე გაიზარდა.

ფონდმა "ღია საზოგადოება" დაიწყო  პირველი ნაბიჯის დაფინანსება პროფესიული სუპერვიზიების, მომსახურების მონიტორინგის და ხარისხის მართვის სისტემების განვითარების მიზნით ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პროგრამებისთვის.

 2015 წ. - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და იუნისეფთან შეთანხმებით, პირველმა ნაბიჯმა შეიმუშავა ადრეული ინტერვენციის მოდელი

პირველი ნაბიჯის ადვოკატირებით ჯანდაცვის სამინისტრომ აიღო ვალდებულება დააფინანსოს ბინაზე მოვლის პროგრამა.  

2016 წ. - პირველი ნაბიჯი საქართველოს პირველი ლედის ეწვია. მისი ვიზიტი არა ოფიციალურ გარემოში წარიმართა, სადაც მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა პროგრამების, საქმიანობის, სამომავლო გეგმებისა და პრობლემების შესახებ და მისთვის დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. პირველმა ლედიმ მოინახულა სამი კოტეჯი, შეხვდა ჩვენს ბავშვებს და მოისმინა დეტალური ინფორმაცია პროგრამებისა და სამუშაო სპეციფიკის შესახებ.

2016 წლის ივლისი - დასრულდა რებრენდინგის პროცესი, რომელიც პიარ კომპანია „ლაივ ბრენდინგთან ერთად განხირციელდა“. ამ მიმართულებით ორგანიზაციის მთავარი მიზანია გაიზარდოს ორგანიზაციის ცნობადობა, დონორებს და მედიას მიეწოდოს სათანადო მესიჯი ორგანიზაციის შესახებ. გაიზარდოს სტიპენდიის პროგრამის გაძლიერება და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება.

2016 წლის სექტემბერი - ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილები“ პირველი ნაბიჯისთვის ჩაატარა საქველმოქმედო კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. დარბაზის იჯარის ხარჯები დაფარა თბილისის მერიამ.

2017 წ. - გაიხსნა აუტიზმის ახალ ცენტრი, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობა ABA მეთოდის გარდა ახალი მეთოდით ფლორთაიმითაც (Floortime) გახდა შესაძლებელი. ცენტრის გარემონტება და აღჭურვა გერმანიის საელჩოს, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“-ს, ასევე კომპანიების - ვისოლ ჯგუფი, გალფი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, ლიბერთი ბანკი, დიო, დახმარებით გახდა შესაძლებელი.

2017 წ. - აუტისტური სპექტრის დიაგნოზის მქონე ბავშვებს ABA თერაპიის გარდა უკვე ახალი მეთოდით DIR / Floortime-ის თერაპიით მომსახურების მიღება შეუძლიათ.

ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციის ხელშეწყობით 25 ორგანიზაციის მონაცემები გაიგზავნა GWP- თან წყლის გადასახადისაგან გათავისუფლების შესახებ, 2017 წლის მაისიდან პირველი ნაბიჯი რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად გათავისუფლდა წყლის გადასახადისგან.

2017 წ. - საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი ნაბიჯის დამფუძნებელი ქ-ნი ჯეინ ენ ქორბოი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ქ-ნ ჯეინ ქორბოის ჯილდო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი ნაბიჯის დამფუძნებელი ქ-ნი ჯეინ ენ ქორბოი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ქ-ნ ჯეინ ქორბოის ჯილდო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

2018 წლის 30 სექტემბერს - პირველი ნაბიჯი რიგით მე-7 თბილისიმარათონის ბენეფიციარი გახდა. კომპანია ჰაიდელბერგცემენტმა თბილისიმარათონიდან შემოსული თანხა გააორმაგა და პირველ ნაბიჯს დღის ცენტრის სარემონტო სამუშაოებისთვის გადაურიცხა. 2018 წლის მარათონზე 2720 მონაწილე დარეგისტრირდა, აქედან კომპანია ჰაიდელბერგცემენტმა, გასული წლის მსგავსად, იმ მონაწილეების (1954) თანხა გააორმაგა, რომლებმაც ღონისძიების დღეს, 30 სექტემბერს სტარტის ხაზი გადაკვეთეს და გარბენში მიიღებს მონაწილეობა. გაორმაგებული და პირდაპირი წესით გადმორიცხული თანხის ჯამი კი 78 280 ლარს შეადგენს, რაც 7 წლიანი ისტორიის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელია! მარათონში საქართველოში მცხოვრები მონაწილეების გარდა 54 ქვეყანა იყო ჩართული, მათ შორის 500 ბავშვი ბავშვთა გარბენზე დარეგისტრირდა.

2018 წ. - პირველმა ნაბიჯმა 20 წლის იუბილე 2018 წლის 20 ნოემბერს კლუბ ოტიუმში აღნიშნა. საიუბილეო საღამო ბავშვების მხარდასაჭერად ჩატარდა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო უწყებების და იმ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც წლებია პირველი ნაბიჯის ბავშვების გვერდით დგანან. განვლილი 20 წელი - ეს იყო უამრავი ბავშვის გადარჩენილი სიცოცხლე, გაზრდილი და პროფესიონალებად ჩამოყალიბებული სპეციალისტები, განხორციელებული პროექტები ბავშვებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად, თუმცა ჩვენ გაჩერების უფლება არ გვაქვს, ჩვენი 20 წლის ისტორია ჩვენი სტიმულია, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით ვაკეთოთ საქმე რომელიც ასე ძალიან გვიყვარს და ვაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ასეთი ძვირფასია.

2018 წლის 30 ნოემბერს - საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი ნაბიჯის დამფუძნებელს ნინო ქადაგიძე-ჟვანიას ღირსების ორდენი გადასცა ორგანიზაციის დაფუძნებისთვის

 

 

2018 წელს გაიხსნა პირველი ნაბიჯის  რუსთავის ფილიალი. ფილიალში ხორციელდება ადრეული განვითარების და აუტიზმის პროგრამები

2019 წელს გაიხსნა პირველი ნაბიჯის ისნის ფილიალი, სადაც პირველი ნაბიჯის სპეციალისტები ესმსახურებიან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს

2019 წელს პირველი ნაბიჯში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები

გარემონტდა დღის ცენტრის და აუტიზმის შენობები, ცენტრები სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯით და ინვენტარით

რუსთავის ფილიალში გარემონტდა სველი წერტილი და ერთი სამუშაო ოთახი

ისნის ფილიალში ჩატარდა მცირე სარემონტო სამუშაოები, მოხდა ფილიალის სრული აღჭურვა.

 

2020 წელს პირველი ნაბიჯის ორგანიზებით და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, 30 იანვარს გაიმართა კონფერენცია თემაზე - „აუტიზმის მქონე ადრეული ასაკის ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მუშაობის თანამედროვე მეთოდები".
მომხსენებლები იყვნენ საქართველოში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები და უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტები.
კომფერენციაზე სხვა თერაპიულ მიდგომებთან ერთად განხილული იყო საქართველოსთვის შედარებით ახალი მიდგომა DIR – Floortime, რომელიც პირველ ნაბიჯში უკვე 4 წელია ინერგება.