დაბადებიდან სკოლამდე პერიოდი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ადამიანის ცხოვრებაში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი დგამს პირველ ნაბიჯებს, ამბობს პირველ სიტყვებს, არამედ იმიტომ, რომ ამ პერიოდში ვამყარებთ ურთიერთობას სხვებთან, გვიყალიბდება წარმოდგენა საკუთრ თავსა და მათზე, ვუზიარებთ ემოციებს გარშემომყოფებს და ზოგადად, გვექმნება წარმოდგენები ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროზე.
გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ სავსეა ყოველდღიური შთაბეჭდილებებითა და ცვლილებებით, რომელთა განცდაც და ამ განცდის სხვებისთვის გაზიარება ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ბავშვს, ისევე როგორც ზრდასრულს, საკუთრი ემოციების გაზიარებისა და სოციალური ურთიერთობის სურვილი აქვს, რაც ასაკობრივ ზრდასთან ერთად იცვლება და ვითარდება. ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარებაში იგულისხმება შემდეგი:
თვითგრძნობა - დადებითი განცდა იმის შეხებ, თუ ვინ ვარ და რა შემიძლია
სოციალური უნარები - როგორ ვამყარებ ურთიერთობას სხვა ადამიანებთან
ემოციური - რამდენად შემიძლია გავიგო, გამოვხატო და ვმართო ემოციათა ფართო სპექტრი.
ჩამოთვლილი უნარები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეუცვლელია, რადგან საფუძველს ქმნიან ბავშვის განვითარებისათვის და გავლენას ახდენენ მის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, როგორც ახლა, ისე სამომავლოდაც.
ადამიანის სოციალური-ემოციური განვითარება რამდენიმე ეტაპს მოიცავს, რომელიც ასაკის შესაბამისად არის დაყოფილი:
დაბადებიდან - 1 წლამდე პერიოდი
ბავშვებს დაბადებიდანვე აქვთ კომუნიკაციის უნარი. მაგალითად, ჩვილები გამოხატავენ თავიანთ საჭიროებებს ტირილით. მათ შეუძლიათ განიცადონ და გამოხატონ ემოციათა ფართო სპექტრი. მომვლელთან ხშირი და პოზიტიური ურთიერთობით ჩვილები სწავლობენ იგრძნონ თავი უკეთ და ისიამოვნონ სხვებთან ურთიერთობით. ამ გზით, ისინი ასევე ისწავლიან მართონ თავიანთი განცდები და იურთიერთონ ეფექტურად სხვებთან, რათა თავიანთი საჭიროებები დაიკმაყოფილონ.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ ეტაპზე:
● გიყურებთ, როდესაც მასთან კონტაქტში შედიხართ, ესაუბრებით ან ეთამაშებით?
● გამოსცემს სხვადასხვა ხმას, რომ მიიქციოს თქვენი ყურადღება?
● სიამოვნებს თქვენს პატარას ფიზიკური კოტაქტი? (ჩახუტება, მოფერება, კოცნა)
● მშვიდდება, როდესაც ხელში აგყავთ, იხუტებთ, ელაპარაკებით ან უმღერით?
● რეაგირებს როდესაც ეთამაშებით, ცდილობს აგყვეთ სხვდასხვა ხმების გამოცემით, გაგიღიმოთ, იცინოს ხმით?
● აქვს რეაქცია, როდესაც თქვენ სხვდასხვა ემოციას გამოხატავთ, ცდილობს გაიმეოროს?
● მოსწონს თქვენს პატარას „ჭიტას“ თამაში? გიწვევთ, რომ გაიმეოროთ ის კვლავ?
1-3 წლამდე პერიოდი
რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო უკეთ შეუძლია მართოს თავისი განცდები, თუმცა მაინც საჭიროებს მომვლელის მხრიდან მხარდაჭერასა და დახმარებას. ბავშვებს უჩნდებათ სურვილი თავი მოაწონონ ზრდასრულებს და გავდნენ კიდეც მათ. ამიტომაც აქტიურად ცდილობენ მიბაძონ „დიდებს“ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნების მიზნით, ეხმარებიან მათ ისეთ ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორიცაა საჭმლის მომზადება, დალაგება, საყიდლებზე წასვლა და ა.შ. ბავშვები ასევე სწავლობენ, მოარგონ თავიანთი ქცევა უფროსების მოთხოვნებს, სწავლობენ კონფლიქტის გადაჭრისა და პრობლემის გადაწყვეტის გზებს.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ ეტაპზე:
● ამობობს „არა“-ს როდესაც რაღაც არ სურს?
● ცდილობს დამოუკიდებლად დაიკმაყოფილოს თავისი საჭიროებები? (ჭამა, ჩაცმას, ან ტუალეტის მოხმარება)
● მოსწონს როდესაც რაიმეს ავალებთ?
● გამოხატავს სითბოს საყვარელი ადამიანების მიმართ?
● ინტერესდება სხვა ბავშვებით?
● იყენებს სიტყვებს საკუთარი საჭიროებების გამოსახატავად?
● ცდილობს მოგბაძოთ სხვადასხვა, ყოველდღიური საქმიანობის კეთებისას?
3- 5 წლამდე პერიოდი
სკოლამდელები ავითარებენ თავიანთ სოციალურ და ემოციურ უნარებს უფრო ფართო სოციალურ წრეში, მათ შორის სხვა ზრდასრულებთან და ბავშვებთან ურთიერთობით. გაზრდილი ლექსიკური მარაგის, ფიქრისა და დაგეგმვის უნარის დახმარებით, მათ მეტად შეუძლიათ დალოდება სასურველი ნივთის მისაღებად, უვითარდებათ სხვების აზრის გათვალისწინების უნარი, იღებენ „გადაწყვეტლებებს“ სხვებთან ერთად.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ ეტაპზე:
● იჩენს ინიციატივას?
● ცდილობს გამოიწვიოს თამაშში თანატოლი?
● შეუძლია თვითდამშვიდება?
● ინტერესდება სხვისი განცდებით, რეაგირებს მათზე?
● ცდილობს დაიცვას რიგი, გაუზიაროს სათამაშო სხვას?
● ამბობს ისეთ წინადადებებს, სადაც იყებებს სიტყვებს: მიხარია, მომწონს, არ მომწონს და ა.შ.?
● დამოუკიდებლია (იკვებება, იცმევს, მოიხმარს საპირფარეშოს და ა.შ.) და სიამოვნებს ეს პროცესი?
● შეუძლია „დაამშვიდოს“ მეგობარი? „გადაჭრას“ კონფლიქტები?
ამრიგად, სოციალური და ემოციური უნარები ასაკის შესაბამისად იცვლება და ვითარდება. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ თითოეული ეტაპი განსაკუთრებული და განუმეორებელია ბავშვის ცხოვრებაში. თუკი ბავშვი ასაკის შესაბამისად არ ავლენს ჩამოთვლილი უნარებიდან რამდენიმეს მაინც, მიმართეთ კონსულტაციისათვის ბავშვთა ფსიქოლოგს ან ადრეული განვითარების პროგრამას, რათა დროულად მოხდეს მიზანმიმართული ჩარევა და დახმარება.
გთავაზობთ რჩევებს, რომელთა სისტემატური გამოყენება, დაგეხმარებათ ხელი შეუწყოთ ბავშვის სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას:
● იყავით მგრძნობიარე და თბილი
● უზრუნველყავით ბავშვის უსაფრთხოება
● იმხიარულეთ მასთან ერთად, დაამყარეთ კონტაქტი პირისპირ, ხშირად გაუღიმეთ და უყურეთ თვალებში
● უპასუხეთ ბავშვის საჭიროებებს, დააკვირდით და დაფიქრდით, როდის არის ის მზად შეწყვიტოს თამაში, ან რაიმე აქტივობა და იმოქმედეთ შესაბამისად
● წაახალისეთ ბავშვი თავად აღმოაჩინოს ახალი სათამაშოს/საგნის დანიშნულება და ფუნქცია. ზოგადად, წაახალისეთ სიახლეებით მისი დაინტერესება
● ესაუბრეთ ბავშვს იმაზე რა ხდება ახლა და რა მოხდება შემდეგ
● დაეხმარეთ ბავშვს მართოს თავისი გრძნობები, ნუ შეარცხვენთ, როდესაც ის ტირის ან იმედგაცურებულია
● მოუყევით ბავშვებს თქვენი შეცდომების შესახებ, მიეცით მაგალითი,როდესაც რაღაც ისე არ გამოვა როგორც ეს თქვენ გსურთ, თქვით, რომ სწუხართ და სცადეთ შეცდომის გამოსწორება. აუხსენით ბავშვს, რომ შეცდომა ნორმალური მოვლენაა და მთავარია მისი გამოსწორება სცადოთ
● აღწერეთ და დაასახელეთ ემოციები რაც შეიძლება ხშირად ( „ძალიან ვისიამოვნე შენთან ერთად მანქანებით თამაშით, ეს სასაცილო იყო!“ , „მოწყენილი ხარ, რადგან შენი თვითმფრინავი გაფუჭდა?“ და ა.შ.)
● მოუყევით ზღაპრები, იმღერეთ, იცეკვეთ მასთან ერთად და ითამაშეთ წარმოსახვითი თამაშები
● წაახალისეთ ბავშვი, ასაკის შესაბამისად გააკეთოს არჩევანი და მოძებნოს გამოსავალი ( „წითელ მაისურს ჩაიცმევ თუ ლურჯს?“, „ რა გავაკეთოთ სადილად, შემწვარი კარტოფილი თუ წიწიბურა?“)
● წაახალისეთ დამოუკიდებლობა
● დაელოდეთ, მოგმართოთ დახმარებისათვის თავად, მათ მეტი დრო სჭირდებათ მაგალითად იმისათვის, რომ დაამთავრონ წვნიანი, ჩაიცვან ფეხსაცმელი და ა.შ.
● ყოველთვის შეაქეთ მცდელობისათვის და არა მხოლოდ შედეგისათვის
ბავშვის სოციალური და ემოციური უნარები მუდმივად ვითარდება. ყველა ბავშვი უნიკლაურია, მიეცით მათ მეტი გამოცდილება თქვენთან ურთიერთობის საშუალებით, რათა მან მეტი უნარი და შესაძლებლობა აღმოაჩინოს საკუთარ თავში!
გისურვებთ წარმატებებს!