გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

აუტისტური სპექტრის აშლილობა - თერაპიები

ABA თერაპია - DIR ფლორთაიმი - დენვერის მოდელი

აბა თერაპიის - პროგრამა მუშაობს 3 დან  18 წლამდე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან. მომსახურება ხორციელდება ცენტრში, კვირაში 20 საათი. იგეგმება მომსახურების გაფართოება და ბავშვისათვის ბუნებრივ გარემოში მიწოდება.  მუშაობა ძირითადად ხორციელდება ბავშვთან ინდივიდუალურად, თუმცა კვირაში ერთხელ შესაძლებელია ჯგუფური მუშაობაც. პროგრამა დაფინანსებულია თბილისის მერიის მიერ თვეში 20 საათი ერთ ბავშვზე. არა პროგრამული დაფინანსების შემთხვევაში, მომსახურების საფასურს იხდის მშობელი და ვიზიტების რაოდენობა განისაზღვრება მშობელთან შეთანხმებით, თუმცა რეკომენდებულია 20 საათი კვირაში. „აბა“ თერაპია ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს და მიზნად ისახავს ბავშვის რთული ქცევის მართვას და სოციალურად მისაღები ქცევებით ჩანაცვლებას, ადაპტური უნარების/ ქცევების გამომუშავებას, სწავლასა და გავარჯიშებას. აბა თერაპია ტარდება სტრუქტურირებულ გარემოში და იყენებს დირექტიულ ინსტრუქციებზე დაფუძნებულ მეთოდებს, სადაც პოზიტიური ქცევის წახალისება/განმტკიცებას ენიჭება მნიშვნელოვანი როლი. „აბა“ თერაპია მეტად გამოიყენება დაბალ ფუნქციური აუტისტური სპექტრის და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებთან.

 
 

ფლორთაიმი - განკუთვნილია აუტისტური სპექტრის და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე, მათ შორის ტიპიური განვითარების, მაგრამ, ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის. მომსახურება ხორციელდება როგორც სახლში, ისე ცენტრში, ინდივიდუალურად და ჯგუფურად.  ფლორთაიმი თერაპიული მეთოდია, რომელიც ეფუძნება მეცნიერული კვლევებით გამყარებულ მოდელს, სადაც ცენტრალური ადგილი უჭირავს განმავითარებელ, ინდივიდუალურ განსხვავებებსა და ურთიერთობებზე ორიენტირებულ მიდგომებს. ფლორთაიმის მიზანია ადრეული ასაკის ბავშვებში განავითაროს ფუნქციურ - ემოციური სფერო, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სხვა დანარჩენი სფეროების განვითარებას. თერაპიის შედეგად ბავშვებს უვითარდებათ ბუნებრივი, სპონტანური ურთიერთობისა და კომუნიკაციის უნარები, ემოციური მოწიფულობა, თვითრეგულაციის მაღალი უნარები, რაც ემოციური ინტელექტის განვითარების საუკეთესო საფუძველია. თერაპია განკუთვნილია ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა მაღალი ასაკის ბავშვების შემთხვეებთან ეფექტურია სხვა მიდგომებთან კომბინაციაში და ავითარებს ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს, პოზიტიური ინტერაქციისა და ემოციური სიმწიფის მაღალ დონეს.

 


 

დენვერის მოდელი - საქართველოში ადრეული განვითარების დენვერის მოდელის დანერგვას   თავდაპირველად  ხელი შეუწყო ორგანზიაციამ: „პირველი ნაბიჯი საქართველო“. „პირველ ნაბიჯში“ აღნიშნული პროგრამის მიწოდება ხორციელდება 2018 წლიდან დღემდე. თერაპევტების სერთიფიცირება დაიწყო 2019 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის(University of California MIND institute) ონლაინ ბაზაზე, რომელიც განხორციელდა ორ ეტაპად. მეორე ეტაპი, რომელიც მოიცავდა პრაქტიკული ნაწილის სუპერვიზიას, დასრულდა 2021 წლის იანვარში.

ადრეული განვითარების დენვერის მოდელი არის განვითარებაზე, ქცევაზე, რუტინებზე და თამაშზე დაფუძნებული თერაპია, რომელიც გამოიყენება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან 12 დან 60 თვემდე. მეთოდი ეფუძნება მეცნიერული კვლევებით გამყარებულ მოდელებს და ორიენტირებულია მულტისასწავლო გარემოზე. სამიზნეს წარმოადგენს  ადრეულ განვითარებასთან დაკავშირებული ყველა უნარი: მეტყველება, თამაში, სოციალური ინტერაქცია, ყურადღების გაზიარება,შემეცნებითი უნარები, იმიტაცია, მოტორული უნარები, თვით-მოვლა და ქცევა. აღნიშნულ უნარებზე მუშაობა მიმდნარეობს კურიკულუმით, რომელიც მორგებულია აუტისტური სპექტრის განვითარების თავისებურებებზე.  მიდგომა გახლავთ ნაწილობრივ სტრუქტურირებული, რადგან ბავშვის პროფილის შეფასების შემდგომ, წერილობით ყალიბდება სწავლების შინაარსი, რომელიც მოიცავს განვითარების ყველა სფეროდან აღებულ გრძელვადიან სასწავლო მიზნებს, ამ მიზნების მისაღწევად დასახულ  მოკლევადიან საფეხურებს და შესაბამის აქტივობებს.  აღნიშნული აქტივობების განხორციელებისას ყურადღება ექცევა ასაკობრივად შესაბამისი სოციალური წესების შემოტანას და ბავშვისათვის მათ ეტაპობრივ სწავლებას. მოდელში მუშაობა იწყება ბავშვის სოციალური ურთიერთობების წამოწევით და ინიციატივის წახალისებით, აქცენტი კეთდება კომუნიკაციაზე, ურთიერთობების ხარისხზე და ემოციურ გამოხატულებაზე. შესაბამისი ბაზისის შექმნის შემდგომ, კონკრეტული უნარების დასწავლაზე, რომელიც ჩაშენებულია აქტივობებში კონტექსტის შესაბამისად და პროცესი მიმდინარეობს ბუნებრივად, სახლის ან ცენტრის გარემოში. ადრეული განვითარების დენვერის მოდელის სამიზნეს ბავშვთან ერთად, წარმოადგენს მშობელიც. თერაპევტი უზრუნველყოფს პროცესში მშობლის ჩართულობას, მისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებასა და კონკრეტული სტრატეგიების სწავლებას.