გურამიკო ძალიან აქტიური ბიჭია. უყვარს სპორტული თამაშები - სკეიტბორდი, ველოსიპედი, ბურთით და მანქანებით თამაში. საოცრად ბედნიერია, როდესაც გასვლით გაკვეთილზე სპორტდარბაზში მიდის მეგობრებთან ერთად: ყველა ტრენაჟორზე ვარჯიშობს და მაინც არ იღლება! როგორ თითქმის ყველა ბავშვს, გურამსაც უყვარს სასუსნავები და ტკბილეული, განსაკუთრებით შოკოლადი. გურამს შეუძლია დამოუკიდებლად მოძებნოს youtube-ზე თავისი საყვარელი მუსიკალური კლიპები და მოუსმინოს ყურსასმენებით, ეს მისთვის დიდი სიამოვნებაა.
გურამმა დღის ცენტრში ბევრი რამ ისწავლა. ესწრება გაკვეთილებს, აქ მან ბევრი რამ ისწავლა: პირველ რიგში ალტერნატიული კომუნიკაციის (PECS) პროგრამის 1, 2, და 3 ფაზა, მას უკვე შეუძლია დასურათებული ბარათების მეშვეობით გვესაუბროს და გამოხატოს სურვილები. იმის გამო, რომ ადრე ვერავის აგებინებდა თავის საჭიროებებს, რთული ქცევებიც ხშირი იყო, ეხლა უკვე გაცილებით შემცირდა, რაც დიდი მიღწევაა! გურამი უკვე ბევრსიტყვიან წინადადებებს ამბობს. მისგან ხშირად გავიგებთ „იავნანა ჩამირთე!“, ძალიან უყვარს მისი ჰანგები. ის რჩება „პირველი ნაბიჯის“ დღის ცენტრის ყველაზე ცნობისმოყვარე და მხიარულ ბიჭად.