ლექსო არ ავლენს რაიმე ტიპის რთულ ქცევას, თუმცა მასთან კომუნიკაცია და მისთვის საკმარისი დროის დათმობა განვითარების კუთხით ოჯახს უჭირს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოჯახში იმყოფება 4 ბავშვი, რომელთაგან 2 განსაკუთრებული საჭიროების მქონეა. შესაბამისად ვერ ეთმობა თითოეულ მათგანს დიდი დრო, რომ სრულად მოხდეს მათი არსებული უნარების გავარჯიშება და ახალი ადაპტური ქცევების ათვისება და ჩამოყალიბება. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ კვების პროცესი, როდესაც მზრუნველი საკუთარი ხელით აჭმევს დიდი ლუკმებით ბავშვს, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია კვება, თუმცა სჭირდება დიდი დრო და ოდნავ ისვრება. ამის გამო, ლექსოს არ აქვს განვითარებული ღეჭვის უნარები (აქვს ყბის კუნთების დაბალი ტონუსი, ნელა ამოძრავებს პირს და ა.შ.).
ლექსოს აქვს პოტენციალი ისწავლოს დამოუკიდებლად ჩაცმა, გახდა, თავისი ნივთების ალაგება თამაშის შემდგომ, რაზეც რეკომენდაციები ბინაზე მოვლის პროგრამაში გაწერილი იყო, თუმცა მცირე დაფინანსების და შესაბამისად სპეციალისტების ვიზიტების სიმცირის გამო, ვერ ხერხდებოდა მასთან სისტემატური მუშაობა და ოჯახიც დროის გამო ვერ ასრულებდა რეკომენდაციებს. დღის ცენტრი ლექსოს მიეხმარება ამ უნარების ყოველდღიურ გავარჯიშებაში და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლექსოს საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის ახლოს საბავშვო სკვერი, სადაც ის შეძლებს მიიღოს ის მინიმალური სენსორული სტიმულაცია, რასაც თუნდაც სასრიალო ან საქანელა სთავაზობს. დღის ცენტრში სიარული მას საშუალებას აძლევს გაიმრავალფეროვნოს გარემო, ურთიერთობა ჰქონდეს მეტ სპეციალისტთან და შეიძინოს მეგობრები. ოჯახი ვერ ახერხებს საკუთარი სახსრებით ატაროს ბავშვი გასართობ ადგილებში ან თუნდაც დღის ცენტრში. მისი დაფინანსება კი ამგვარ პრობლემებს გადაუჭრის და საშუალებას მისცემს თავისი პოტენციალი მაქსიმალურად განავითაროს და გამოავლინოს.