გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სტიპენდიის პროგრამა

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

15 წლის გიორგი 4 წლიდან დადის „პირველი ნაბიჯის“ დღის ცენტრში და ჩვენი ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია. გიორგი ძალიან ემოციური და თბილი ბიჭია. უყვარს სიმღერა, განსაკუთრებით ქართული ხალხური სიმღერები და თავისთვის სულ ღიღინებს. ბიჭუნა საოცარი მეხსიერებით გამოირჩევა, მართალია კითხვა უჭირს, მაგრამ მოსმენით იმახსოვრებს ლექსებს და ზღაპრებს. ერთხელ გიორგიმ საკუთარი ინიციატივით youtube-ზე მოძებნა აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ და 3 მოსმენის შემდეგ ზეპირად ისწავლა. ასევე სიტყვა-სიტყვით იცის „ვეფხისტყაოსნის“ და „გულივერის მოგზაურობის“ დიდი ნაწილი, თუ დაიწყებს მოყოლას შეუძლია ბოლომდე ჩამოგირაკრაკოთ.

დღის ცენტრში მოსვლამდე გიორგის საკმაოდ ბევრი სირთულე ჰქონდა. ბავშვი ჯანმრთელობის  პრობლემების გამო სრულად იყო დამოკიდებული მომვლელზე. ვერ დადიოდა, ჰქონდა გულყრები, ვერ მეტყველებდა, იყო მუდმივად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე. ნელ-ნელა გიორგის, მისი ოჯახისა და ჩვენი სპეციალისტების დიდი შრომის შედეგად მან ისწავლა სპეციალური ველოსიპედის ტარება, შემდეგ უკვე დამოუკიდებლად სიარული და მეტყველება შეძლო, რაც ოჯახისთვის წარმოუდგენელი სიხარული იყო. დროსთან ერთად გიორგის სოციალური უნარები და დამოუკიდებლობის ხარისხიც გაუმჯობესდა. ისწავლა თვით-მოვლის უნარები, არის ძალიან მოწესრიგებული და იცავს დისციპლინას, ძალიან კარგად უვლის საკუთრ ნივთებს. ამასთან, დღის ცენტრი გიორგისთვის ყველაზე საინტერესო და სასურველ გარემოდ იქცა, სადაც მან შეიძინა ახალი მეგობრები, გამოხატავს საკუთარ თავს, სწავლობს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს სასიამოვნო და სახალისო მეთოდებით.

დღის ცენტრის პარალელურად გიორგი დადის საჯარო სკოლაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისა და სოციალური ინტეგრაციისთვის. სპეციალისტები განაგრძობენ გიორგისთან მუშაობას, რათა ის უფრო ინტენსიურად ჩაერთოს ინკლუზიურ სასწავლო პროცესში და კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მისი კომუნიკაციის და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები.

გიორგი თავბერიძე

2 აგვ, 2017
გიორგის სავიზიტო ბარათია აკაკის „გამზრდელი“, „ვეფხისტყაოსანი“ და „გულივერის მოგზაურობა“
  • გააზიარე: