გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

აუტიზმი - ABA თერაპია, DIR ფლორთაიმი

აბა თერაპიის - პროგრამა მუშაობს 3 დან  18 წლამდე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან. მომსახურება ხორციელდება ცენტრში, კვირაში 20 საათი. იგეგმება მომსახურების გაფართოება და ბავშვისათვის ბუნებრივ გარემოში მიწოდება.  მუშაობა ძირითადად ხორციელდება ბავშვთან ინდივიდუალურად, თუმცა კვირაში ერთხელ შესაძლებელია ჯგუფური მუშაობაც. პროგრამა დაფინანსებულია თბილისის მერიის მიერ თვეში 20 საათი ერთ ბავშვზე. არა პროგრამული დაფინანსების შემთხვევაში, მომსახურების საფასურს იხდის მშობელი და ვიზიტების რაოდენობა განისაზღვრება მშობელთან შეთანხმებით, თუმცა რეკომენდებულია 20 საათი კვირაში. „აბა“ თერაპია ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს და მიზნად ისახავს ბავშვის რთული ქცევის მართვას და სოციალურად მისაღები ქცევებით ჩანაცვლებას, ადაპტური უნარების/ ქცევების გამომუშავებას, სწავლასა და გავარჯიშებას. აბა თერაპია ტარდება სტრუქტურირებულ გარემოში და იყენებს დირექტიულ ინსტრუქციებზე დაფუძნებულ მეთოდებს, სადაც პოზიტიური ქცევის წახალისება/განმტკიცებას ენიჭება მნიშვნელოვანი როლი. „აბა“ თერაპია მეტად გამოიყენება დაბალ ფუნქციური აუტისტური სპექტრის და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებთან.

  

ფლორთაიმი - განკუთვნილია აუტისტური სპექტრის და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე, მათ შორის ტიპიური განვითარების, მაგრამ, ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის. მომსახურება ხორციელდება როგორც სახლში, ისე ცენტრში, ინდივიდუალურად და ჯგუფურად.  ფლორთაიმი თერაპიული მეთოდია, რომელიც ეფუძნება მეცნიერული კვლევებით გამყარებულ მოდელს, სადაც ცენტრალური ადგილი უჭირავს განმავითარებელ, ინდივიდუალურ განსხვავებებსა და ურთიერთობებზე ორიენტირებულ მიდგომებს. ფლორთაიმის მიზანია ადრეული ასაკის ბავშვებში განავითაროს ფუნქციურ - ემოციური სფერო, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სხვა დანარჩენი სფეროების განვითარებას. თერაპიის შედეგად ბავშვებს უვითარდებათ ბუნებრივი, სპონტანური ურთიერთობისა და კომუნიკაციის უნარები, ემოციური მოწიფულობა, თვითრეგულაციის მაღალი უნარები, რაც ემოციური ინტელექტის განვითარების საუკეთესო საფუძველია. თერაპია განკუთვნილია ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა მაღალი ასაკის ბავშვების შემთხვეებთან ეფექტურია სხვა მიდგომებთან კომბინაციაში და ავითარებს ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს, პოზიტიური ინტერაქციისა და ემოციური სიმწიფის მაღალ დონეს.