გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

ბინაზე მოვლა

მივდივართ მათთან, ვინც ჩვენთან ვერ მოდის

ბინაზე მოვლა

ბინაზე მოვლის პროგრამა განკუთვნილია მძიმე და ღრმა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც მძიმე და მწვავე სამედიცინო საჭიროებების გამო ვერ გადიან სახლიდან გარეთ და საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას. პროგრამა შეიქმნა ბავშვებისთვის, რომლებიც იზოლირებულები არიან საზოგადოებისგან, ვერ ფლობენ თვითმოვლისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ბაზისურ უნარებს, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების შეფერხების გამო, მშობლები და ოჯახის წევრები ვერ ამყარებენ კომუნიკაციას ბავშვებთან, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ბავშვების საჭიროებების იდენტიფიცირებაც შეუძლებელია.

ბინაზე მოვლის პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, განვითარების სპეციალისტი, მეტყველების თერაპევტი, პედიატრი და სოციალური მუშაკი) და სპეციალიზებული მომვლელის ჩართულობას და წარმოადგენს მომსახურებას, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ სასიცოცხლო უნარებს და ფუნქციებს, კომუნიკაციასა და სოციალურ ინტეგრაციას. ბინაზე მოვლის დროული მიწოდების შედეგად შესაძლოა მოხდეს ბავშვების გარკვეული ნაწილის ჩართვა ინკლუზიურ განათლებაში ან დღის ცენტრში.

„პირველი ნაბიჯი“ ბინაზე მოვლის პროგრამას ახორციელებს 2007 წლიდან და ყოველწლიურად ემსახურებოდა 50-60 მძიმე და ღრმა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. 2015 წლიდან ბინაზე მოვლის პროგრამა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამებში მოხვდა. სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში პროგრამა განკუთვნილია მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე თბილისში მცხოვრებ, 7-18 წლამდე, არაუმეტეს 40 ბავშვზე. ამჟამად ბინაზე მოვლის პროგრამა მოიცავს ბავშვის შეფასებას და მომსახურების მიწოდებას ბინაზე ან საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად მომვლელის - განვითარების სპეციალისტის - და მულტიდისციპლინური გუნდის სათანადო სპეციალისტების (ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, პედიატრი, სოციალური მუშაკი) - მომსახურებას, სულ - თვეში არაუმეტეს 44 საათისა. დღესდღეობით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „პირველი ნაბიჯის“ ბინაზე მოვლის პროგრამაში ჩართულია 30 ბენეფიციარი.